Information center 09 change language 118-09

ონლაინ დახმარება

09 TECH - ავტოდახმარება გზებზე

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მომხმარებლებო,

მოგესალმებით “საინფორმაციო ცენტრ 118 - 09”- ის საიტზე.

ჩვენი მისია:
ჩვენი გრძელვადიანი გეგმები განისაზღვრება მისიით, რომელსაც ვიყენებთ ძირითად სტანდარტად  ქმედების და გადაწყვეტილებების მიღებისას:

  • შევქმნათ მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფილი სტანდარტი;
  • საქართველოში, საინფორმაციო საუკუნეში, დავნერგოთ ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები და ამ გზით, სრულვყოთ მომხმარებლების მომსახურება;
  • სრულად დავაკმაყოფილოთ საქართველოს მოსახლეობის ინფორმაციული მოთხოვნები;
     


ჩვენი მიზნებია:

  • მომხმარებლის მომსახურების სფეროში სრულყოფილებისაკენ სწრაფვა;
  • საქართველოში ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა;
  • მომხმარებლთა ზრდადი მოთხოვნილებების მაქსიმალური დაკმაყოფილება.
     


ჩვენი ხედვა:

  • შევქმნათ საუკეთესო სამუშაო პირობები თანამშრომლებისთვის;
  • სრულვყოთ არსებული საინფორმაციო ბანკი, რომელიც სრულად ასახავს საზოგადოების ინფორმაციულ მოთხოვნებს დღეს და მომავალში;
  • შევინარჩუნოთ წარმატებული და სწრაფად ზრდადი ორგანიზაციის სტატუსი.
     


საინფორმაციო სამსახურის ისტორიიდან

თბილისის სატელეფონო აბონენტთა პირველი ნუსხა დაიბეჭდა 1909 წლის “კავკაზსკი კალენდარში”. მასში, ცალკე ანბანური რიგით და ცალკე ტელეფონის ნომრების მიხედვით, თბილისის საქალაქო სატელეფონო ქსელის პირველი 1099 აბონენტი იყო შეტანილი.
პირველი სატელეფონო ნომერი კონიაკის ცნობილ მწარმოებელსა და მეცენატს დავით სარაჯიშვილს ეკუთვნოდა, ხოლო ბოლო – ვინმე როტომან შლემოვს.
ნუსხას თან ერთვოდა ტელეფონით სარგებლობის წესებიც, რომელთა მიხედვითაც, სხვა შეზღუდვებს შორის, აკრძალული იყო არაოფიციალური საუბრები ცენტრალურ სატელეფონო სადგურში მომსახურე ქალბატონებთან.
პირველი საცნობარო სამსახურის შექმნა კი საქართველოში მეფეების გიორგისა და თამარის სახელებს უკავშირდება. ასეთი სამსახურის არსებობა, კერძო პირთა და ქონების რეგულარული აღწერის შედეგად გახდა შესაძლებელი და ძირითადად, ყმათა კომლობრივი კუთვნილების, ტერიტორიათა მფლობელობის და უცხო ტომელ სათვისტომოთა მონაცემებს მოიცავდა. ეს სპეციფიკური საცავი მანდატურთუხუცესის საგანმრიგეო სფეროს ებარა და სადაო საკითხებიც მისი ხელმძღვანელობით განიხილებოდა.
1823 წელს (საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ) საქართველოზე გავრცელდა რუსეთის სამეფო აქტის მოქმედება აღრიცხვისა და პასპორტიზაციის შესახებ, რომელსაც საფუძვლად დაედო, საქართველოში რუსეთის იმპერიის მოხელეთა მიერ ჩატარებული მოსახლეობისა და მოსახლეობის ქონებრივი მდგომარეობის აღწერა. შეგროვილი მონაცემები მოხმარებისა და დაცვისთვის გადაეცა თბილისისა და ქუთაისის მაზრის უფროსთა სამსახურებს.
1925 წელს, უკვე კომუნისტურმა მთავრობამ გამოსცა დადგენილება ”მოსახლეობის ადგილზე ჩაწერის” შესახებ. ამ პროექტის განხორციელებამ, საფუძველი ჩაუყარა განსაკუთრებით ფართო და ძირფესვიანი სამისამართო-საინფორმაციო ბაზის შექმნას, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა სამისამართო-საფოსტო-საცნობარო სამსახური.
საცნობარო სამსახური ნაწილობრივ საჯარო ტიპის სამსახური გახდა, რომელმაც  ბინა დაიდო კავშირგაბულობისა და საფოსტო ორგანიზაციების ცენტრალური და საკვანძო უბნების შენობებში.
ასე ჩაეყარა საფუძველი საცნობარო ბიუროს შექმნას, თუმცა ქვეყანაში საინფორმაციო-საცნობარო ბაზების არსებობა ჯერ კიდევ არ გულისხმობდა მოსახლეობის მიერ მათ ფართოდ გამოყენებას. ისინი მხოლოდ სახელმწიფო მოხელეთა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი, რადგან საცნობარო სამსახურების ძირითადი ფუნქცია გახდა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მოსახლეობის შესახებ შეკრებილი ინფორმაციის შენახვა და საჭიროებისამებრ გაცემა-გავრცელება.
1926 წელს საცნობარო სამსახურს მიენიჭა “09” სატელეფონო კოდი და სატელეფონო საცნობარო სამსახური, რომელიც თბილისში ცნობილი გახდა “თბილისის ცნობარი 09”-ის სახელწოდებით, მრავალი ადამიანისათვის იმ დროისათვის ინფორმაციის მიღების ერთადერთ კომფორტულ საშუალებად იქცა.
ქვეყნისა და ქალაქის ნებისმიერ მოქალაქესა თუ სტუმარს შეეძლო მიემართა მისთვის და მიეღო საჭირო ინფორმაცია კერძო პირისა თუ ორგანიზაციის ზოგადი საქმიანობის, მისამართისა და საკომუნიკაციო საშუალებების შესახებ.
2001 წელს “თბილისის ცნობარ 09”-ს შეეცვალა სახელწოდება: დღეს მას “საინფორმაციო ცენტრი 09” ეწოდება.
“საინფორმაციო ცენტრი 09” არ ღალატობს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი ორგანიზაციის ტრადიციებს:

  • მას აქვს უნიკალური და მუდმივად განახლებადი საინფორმაციო ბანკი, რაც განაპირობებს მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაციის მაქსიმალურ სიზუსტესა და ოპერატიულობას;
  • იგი მუდმივად აფართოებს და ამრავალფეროვნებს მომსახურების სფეროს – სთავაზობს მომხმარებელს ახალ და კომფორტულ სერვისს (დღეს მათი რიცხვი 40-ს აჭარბებს);
  • იგი ზრუნავს მომხმარებელთა სწრაფ, ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებაზე.

     
 
საინფორმაციო ცენტრი 09 შეუფერხებლად გემსახურებათ